Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში “EU-SAFETY 2023”

2023 წლის 5-6 ოქტომებრს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, ევროკავშირის ორგანიზებით, ტრავმატიზმის პრევენციისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი მიძღვნილი, რიგით მე-11 კონფერენცია “EU-SAFETY 2023” გაიმართა. კონფერენციამ გააერთიანა აღნიშნულ დარგში ევროპის წამყვანი მკვლევარები, პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტები. ღონისძიება გახსნა ისლანდიის პრეზიდენტმა - გუდნი იეჰანესონმა. მონაწილეებს მიესალმენ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი - უილუმ ბორ ბორსონი და ჯანმრთელობის  დირექტორი - ალმა მოლერი. საკონფერენციო თემატიკა მოიცავდა ტრავმატიზმის პრევენციის პრიორიტეტულ მიმართულებებს: ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოება, ხანდაზმულთა უსაფრთხოება, საწარმოო ტრავმატიზმი, სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევები, სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები. დარგის ექსპერტებმა მსმენელებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ტრავმატიზმის ეპიდზედამხედველობის, კვლევების დაგეგმვისა და რისკის შეფასების საკითხში.

კონფერენცია  ორი დღის განმავლობაში, სამი პარალელური სესიის ფორმატში მიმდინარეობდა. 50-ზე მეტი პრეზენტაცია იქნა წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ. თსუ მედიცინის ფაკულტეტი 2017 წლიდან მონაწილეობს აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ  საერთაშორისო კვლევით პროექტში  (iCREATE: Increasing Capacity in Injury Research in Eastern Europe). საქართველოს მხრიდან  სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ სტუდენტმა ქეთევან ახობაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს iCREATE ჩართული ქვეყნების (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, სომხეთი) წარმომადგენლებმაც. მათ მიერ ასევე წარდგენილი იქნა  პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები.  კონფერენციის პარალელურად ჩატარდა პარტნიორების შეხვედრა, სადაც განხილლული იქნა დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მომდევნო ეტაპები.